ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს, აბდულა შაჰიდის შეხვდა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. როგორც ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა.
როგორც საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.