ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი საბჭოს სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარტან, ვოკლერ ტურკთან.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლის ვადით და ხაზი გაუსვეს საქართველოს ნაყოფიერ საქმიანობას საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების შესრულების პროცესში.
„ასევე, დადებითად შეაფასეს საქართველოს წევრობის პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქალთა, ბავშვთა, შშმ პირთა, ეთნიკურ უმცირესობათა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, გარემოსდაცვითი განზომილების გააქტიურება ადამიანის უფლებათა სფეროში და ა.შ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და გაერო-ს უმაღლესი კომისრის მნიშვნელოვან როლს ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების თვალსაზრისით.
აღინიშნა დიდი მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციისა „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ყოველწლიურად ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების რთულ მდგომარეობაზე ოკუპირებულ რეგიონებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიას და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ სტრატეგიის დამტკიცების ფაქტი. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, უმაღლეს კომისარს საქართველოში უმასპინძლოს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.