გარემოს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული. უწყების ცნობით, ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით.
„შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. ილია დარჩიაშვილმა კატრინ კოლონას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.