ილია დარჩიაშვილი - ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი გახდება
ილია დარჩიაშვილი - ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი გახდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დარჩიაშვილმა პიტერ სიაარტოს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

უწყების ცნობით, მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.