ილია დარჩიაშვილი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ ასეთი ძლიერი მეგობარი გვყავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, გამოხატავს მადლიერებას, რომ ამ ძალიან რთულ, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ.
დარჩიაშვილის განმარტებით, ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში.
„ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში და სწორედ ბატონ მინისტრ რაუს ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერებს ამ თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ჩვენი თანამშრომლობა მრავალგანზომილებიანია. გარდა იმისა, რომ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ასევე ვთანამშროლობთ ბევრი მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.