საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს.
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას.