საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იტალიის თავმჯდომარეობასთან ერთად მინისტერიალის მასპინძლობისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
მხარეები მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის პრიორიტეტულობას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებულ ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადებისთვის. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა აღნიშნული პრაქტიკისა და ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მზაობა დაადასტურა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ეფექტურ იმპლემენტაციას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.