ილია დარჩიაშვილი - ევროკომისრებს დავუდასტურე, რომ ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პირველი პრიორიტეტი, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ევროკავშირის წევრობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა ექვს ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის მინისტრი შეხვდა ევროკომისარს გაფართოების პოლიტიკის და სამეზობლო საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა გაფართოების და სამეზობლო საკითხებში ევროკავშირის გენერალურ დირექტორატსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტში. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
როგორც ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.
„ახლახან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსთვის და საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ამის გაგრძელებაა, რომ მე უკვე ვიმყოფები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში. მქონდა სამუშაო შეხვედრები რამდენიმე კომისართან, ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და როგორ მოხდეს კიდევ უფრო მეტად მობილიზება კომისრების ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით. საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ვარჰეისთან. განვიხილეთ ის ბოლო განვითარებები, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში იმისთვის, რომ 12 პრიორიტეტი ოქტომბრის ანგარიშამდე მაქსიმალურად იყოს შესრულებული, საკითხები, რომლებიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვის და კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა ამ მიმართულებით. ევროკომისრებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.