საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს, ვერა იუროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე, იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
„ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე, მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.
ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა.
ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.