ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, საქართველომ ეს ნამდვილად დაიმსახურა, ჩვენ ძალიან რთული, აქტიური წელი გავატარეთ და ქვეყანა ევროპულ გზაზე წინ წავწიეთ
შემთხვევით არ ვუწოდებთ ჩვენ და ევროკომისიის პრეზიდენტსაც შემთხვევით არ უთქვამს, რომ ისტორიული დღე და ისტორიული გადაწყვეტილებაა, როდესაც ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობისთვის, გაეგზავნათ ძლიერი გზავნილი, რომელიც არის ბილეთი, რათა ამ ქვეყნებმა გააგრძელონ ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ფაზა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკომისიის გადაწყვეტილებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
„საქართველოსთვის ჩვენი ევროპული მომავალი, ევროპული ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაცია არის ცალსახა, ყოველგვარი გაუგებარი შეფასებების გარეშე და ამბობს, რომ ევროკომისია გადაწყვეტილების მიღებამდე აძლევს ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი. სტატუსის მიღების შემდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაფორმდება 15 დეკემბრის შემდეგ, ჩვენ უკვე ვშლით ევროინტეგრაციის ახალ ფურცელს. ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევის მიზანია, ევროკომისიასა და ევროკავშირთან მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საბოლოო წევრობაზე, რომელიც ასევე ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას სანატრელ მიზანს მივაღწიოთ და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ვფიქრობ, რომ დღეს მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ პოზიტივზე, იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკვე მიიღო ევროკომისიამ ჩვენთან დაკავშირებით. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვინდოდა, მოგვესმინა და გვენახა სწორედ მაშინ, როცა უკრაინის და მოლდოვის მისამართით იყო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, მეტ ძალისხმევას გავწევთ, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგში საქართველოს ძლიან ხელშესახები შედეგები ჰქონდეს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრს ვესაუბრებოდით, ვუხსნიდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მიღება, და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის. სულ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოსთვის, ეს არის ევროპული მომავალი, ევროპისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ რასაც ვითხოვდით, იყო, რომ დამსხურებაზე დფუძნებული გადაწყვეტილება ყოფილიყო. დღეს, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც ხედავს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ. დასკვნა, რომელიც მათ დადეს, ეფუძნება სტრატეგიულ გადაწყვეტილებასაც და ეფუძნება დამსახურებასაც, რომელიც, ვფიქრობ, საქართველომ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან ჩვენ ძალიან რთული, დინამიკური, აქტიური წელი გავატარეთ და საქართველო წინ წავწიეთ ევროპულ გზაზე“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.