ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირთან პოლიტიკური აფილირების გარდა, გვჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც საქართველოს როლს უფრო გააძლიერებს, ამ მხრივ, ევროკომისარ ვარჰეისგან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ჯოზეფ ბორელის განწყობა ძალიან პოზიტიურია. ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ჯოზეფ ბორელს კარგად ესმის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
„მქონდა ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის, ასევე ბატონ ბორელთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. ბატონ ბორელს, პირველ რიგში, გადავუხადე მადლობა დღევანდელი მინისტერიალის უზრუნველყოფისთვის, მოწვევისთვის. მე მას ვუთხარი, რომ აუცილებელი და დროული იყო მსგავსი მინისტერიალის ამ ფორმატში ჩატარება. მისი განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან პოზიტიურია. მას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც რეგიონშია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს გვექნება მასთან ინტენსიური კომუნიკაციის შესაძლებლობა, იმედი მაქვს, რომ გვექნება მისი საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობაც“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს როლს უფრო გააძლიერებს.
„რაც შეეხება კომისარ ვარჰეის, ის სულ ცოტა ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს, თავად ნახა ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა, რათა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მოგვცეს ევროკავშირმა და ევროპულმა საბჭომ. ვფიქრობ, რომ ევროკომისრის ვიზიტი იყო დროული და აუცილებელი. დღესაც ჩვენ ვისაუბრეთ პროექტებზე, რომ, გარდა პოლიტიკური აფილირებისა, ასოცირებისა, ჩვენ ფიზიკურად გვჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც საქართველოს როლს უფრო გააძლიერებს, გააღრმავებს და ამ მხრივ, ჩვენ ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს ევროკომისრის მხრიდან“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.