ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
დღეს ევროპის დღეა – დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით.
სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც ჩვენთვის ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სიმბოლოა!“ – აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი.