ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში პირველად მაქვს პატივი, თქვენ წინაშე წარვდგე. მინდა, თითოეული თქვენგანის მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო და გამოვხატო სურვილი და ინტერესი თითოეულ თქვენგანთან ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვიმუშაოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს. ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა. საქართველოს წინაშე არსებული მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ომი – პირველად 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ხოლო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენს უკრაინელ ძმებს, დებს და უკრაინას.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, რაც მისივე თქმით, დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ, ამასთან, დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. უფრო მეტიც, საქართველო, რეფორმების განხორციელების მხრივ, არა მხოლოდ უტოლდება, არამედ, ბევრი მიმართულებით უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

„საქართველო აკმაყოფილებს აპლიკანტი ქვეყნისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უფრო მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკურ მზაობასაც, კარი გაუღოს ახალ წევრებს.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ ევროპელი პარტნიორები, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ინარჩუნებს ამ განწყობას. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, ჩვენი პარტნიორები გამოიყენებენ თავიანთ ხმას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის. ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.