ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სადაც მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხდომას ხელმძღვანელობს ჯოზეფ ბორელი, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიწვევა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით პარტნიორების მაღალ ინტერესს გამოხატავს.

დარჩიაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

„მქონდა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ნაბიჯები, რომლებიც დაგეგმილია მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ მიმართულებით გადაიდგა. იყო ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია. დღევანდელი შეხვედრა თავისი მნიშვნელობით გამოირჩეოდა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, განწყობა იყო ძალიან პოზიტიური, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.

„მისგან მივიღეთ ძალიან ძლიერი, მხარდამჭერი განცხადებები და ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ყველამ ცალსახად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები, გავაძლიეროთ ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც მომდინარეობს ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან. ამ მიმართულებით მე დავარწმუნე და ცალსახად, ხაზგასმით გავუზიარე ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კუთხით მყარად დგას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.