ილია დარჩიაშვილი - ეუთო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა არის ძლიერი, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, როგორც ყველა ორგანიზაციაში, ეუთო-შიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია არის მთავარი საკითხი და ყველა წევრი ქვეყანა მობილიზებულია სწორედ ამ საკითხის გარშემო.
„ეუთო-ს წევრი ქვეყნები მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მუშაობენ, როგორ მოხდეს კონსოლიდაცია, მეტად კოორდინირება, რომ გაუმკლავდნენ ამ ურთულეს გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე. მინისტერიალის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ასევე საქართველოსთან მიმართებით. ჩვენი ქვეყნის გამოწვევები, ოკუპაცია, ასევე ის სირთულეები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აწყდება დღეს – ამ მიმართულებითაც ჩვენი პარტნიორები აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამავდროულად, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა ცალსახაა.
„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.