ილია დარჩიაშვილი - ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის მიმართ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ, დღევანდელი დღე ძალიან წარმატებული იყო
ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის მიმართ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ, დღევანდელი დღე ძალიან წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყოველთვის აქვს მნიშვნელობა და საჭიროა, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ეუთო-ს მინისტერიალში. ეუთო არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მრავალწლიანი პარტნიორობა, თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციასთან, ასევე იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ეუთო-ს ქოლგის ქვეშ არიან მოქცეული. მინისტერიალიც ყოველთვის არის პლატფორმა, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე და, რაც ყველაზე მთავარია, მოვახდინოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაწუხებს. პარტნიორებისგან, მინისტრებისგან, რომლებიც ამ შეხვედრას, შეკრებას ესწრებოდნენ, ძალიან ბევრისგან მოვისმინეთ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მოვისმინეთ ოკუპაციის პრობლემების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. შესაბამისად, დღევანდელი დღე ძალიან წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ იყო ერთიანობა ჩვენს პრობლემებთან მიმართებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.