საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები.
„აღინიშნა საქართველოს წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებსა და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.