ილია დარჩიაშვილი - ელჩებთან ვსაუბრობთ მჭიდრო კოორდინაციაზე, იმ გეგმებსა და შიდა სამუშაოზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ წლის ბოლომდე, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი
ილია დარჩიაშვილი - ელჩებთან ვსაუბრობთ მჭიდრო კოორდინაციაზე, იმ გეგმებსა და შიდა სამუშაოზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ წლის ბოლომდე, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი

ძალიან სიმბოლურია, რომ გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შევიკრიბეთ ჩვენი ელჩების, მისიების, საელჩოების მონაწილეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით გვაქვს სამუშაო შეხვედრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნის პოზიციონირების საკითხები განიხილა.

„ჩვენ ვსაუბრობთ მჭიდრო კოორდინაციაზე, იმ გეგმებზე და შიდა სამუშაო გეგმაზე, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ წლის ბოლომდე, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიღებული გვაქვს. ამ შემთხვევაში მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია ჩვენს საელჩოებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი არის, რომ ჩვენ ახლოს ვმუშაობთ ბრიუსელთან, მაგრამ წევრი ქვეყნების მონაწილეობა, ვფიქრობ, წევრი ქვეყნების აზრი და პოზიციონირება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ჩვენს ელჩებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი. მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის გაუმჯობესებული კოორდინაცია ჩვენ შორის, ერთმანეთში და უფრო მეტი, მჭიდრო კომუნიკაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმ შესაბამის ხალხთან, ვინც იღებს მონაწილეობას საბოლოოდ, ქვეყნების პოზიციების ფორმირებაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას და სწორედ იქნება მეტი აქტიურობა დიპლომატიური კორპუსის პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ იმ კონკრეტული საქმეების შესახებ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ განახორციელა და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და ისინი გავხადოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.