ილია დარჩიაშვილი - ძნელია პროგნოზირება, თუმცა მინდა დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია პარტნიორი ქვეყნებიდან, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივას
მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის კითხვას უპასუხა. დეპუტატმა მინისტრს მიმართა, განემარტა ის მოლოდინები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე აქვს.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ კონსენსუსის პრინციპით საქართველოს პარტნიორები.
„თქვენი კითხვის საპასუხოდ მინდა, გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა, რომელის გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად წასულა. ეს გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს იმისას, რომ პარტნიორებს, როდესაც საკითხი დადგება, გადაწყვეტილების მიღების დროს, ექნებათ თავისი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის.
მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც მე გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები. ჩემი მხრიდან ალბათ იქნება არასწორი კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე, თუმცა მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონული უსაფრთხოება და ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. მიმდინარეობს ჩვენს კითხვარზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომელიც ალბათ მალე იქნება, რომელიც გადაეგზავნება საბჭოს და უკვე დადგება დრო, როცა ჩვენი პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.