ილია დარჩიაშვილი - ძალიან საინტერესოა ლიდერებისთვის, როდესაც მათ პრემიერი უზიარებს კონკრეტულ ნაბიჯებს, დღეს არსებული გარემო, განწყობები, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობთ დინამიკასა და პროგრესზე, რაც გამოგვარჩევს ამ რეფორმების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა რეიკიავიკის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ კონკრეტულ მიღწევებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზიარებს.
„ძალიან საინტერესოა ლიდერებისთვის, როდესაც მათ პრემიერი უზიარებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც არ დგას შეგრძნებებსა და წარმოდგენებზე, რომელიც ხშირ შემთხვევებში გვესმის ხოლმე ევროპელი პოლიტიკოსებისგან. არამედ ეს დგას კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგა, კონკრეტულ მიღწევებზე. ეს არის დამაჯერებელი, საინტერესო და მისაღები ევროპელი ლიდერებისთვის. ისინი ძალიან დიდი ყურადღების უსმენენ პრემიერ-მინისტრს და ესეც ქმნის დადებით აურას, დადებით განწყობებს, რომ მათი მხარდაჭერა, მათი პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებაში იყოს პოზიტიური. დღეს არსებული გარემო, ის განწყობები, რომელზეც ვსაუბრობ, გვაძლევს ოპტიმიზმს. გარდა საქმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გვაქვს დიდი ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში, რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით დღეს გამოვიდა.