ილია დარჩიაშვილი - ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში
ილია დარჩიაშვილი - ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილმა ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს გაერთიანება, როგორც პლატფორმა ჩვენი ქვეყნის გადასახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები ევროკავშირთან, მეორეს მხრივ ჩვენი პოზიცია არის რომ ნებისმიერი მექანიზმი, პლატფორმა თუ გაერთიანება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა პრაღაში. ვფიქრობ, საქართველოს მონაწილეობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის მთავრი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტთან იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დინამიკაზე, იმ ძირითად ფოკუსზე, რომელიც ხელისუფლებას, მმართველ გუნდს აქვს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.