ილია დარჩიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელიდან იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. ორი მთავარი განზომილება იქნება ამ ვიზიტის პირობებში. ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ასევე პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიუსელიდან იწყებს საგარეო ვიზიტებს ახალი პრემიერ-მინისტრი.
„პირველად ხდება, როდესაც ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასევე, გვექნება ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ჩვენი მეორე მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, შესაბამისად, ესეც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს კომისიას. ვფიქრობ, ზოგადად, ამ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება. ახალი იმპულსი შემოვა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების გაძლიერების და აქსელერაციის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის მნიშვნელოვან ვიზიტს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.