ილია დარჩიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს
ილია დარჩიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს

მოცემულ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ალიანსის სპეციალური საბჭოს სხდომაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და იმ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში ნატო-სა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამიტის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს.

„პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არის ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030, რომელშიც გაწერილია გრძელვადიან პერსპექტივაში ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ექნებათ ნატო-სა და საქართველოს მომავალში. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია საქართველოზე მორგებული თანამშრომლობის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც ეხმარება საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ჭრილში თანამშრომლობის გაღრმავებაში და ბოლო დოკუმენტი, ასევე საქართველოზე მორგებული დამხმარე ღონისძიებების დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო ჩვენი, ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის. რა თქმა უნდა, ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030, ეს არის დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც არის შესაძლებლობა, რაც არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს მისამართით, რომ ღია კარის პოლიტიკა აქტუალურია და ღია კარის პოლიტიკა აძლევს ჩვენს ქვეყანას იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.