ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ახლად არჩეული წევრის პრიორიტეტებზე.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშესაწყობად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა რთულია. იძულებით გადაადგილებულ ასობით ათას დევნილსა და ლტოლვილს კვლავაც არ ეძლევა საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.
„საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას მაშინ, როცა ადგილზე მუდმივად უარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნა მინისტრმა.