ილია დარჩიაშვილი - ჩვენს ქვეყანას დღეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნა, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ რუკაზე
გილოცავთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენმა ძალისხმევამ დღეს კიდევ უფრო შეუქცევადი სახე მიიღო და მინდა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ისტორიული გარდატეხაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ჩემს კოლეგებს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის გარეშე ეს მიზანი ვერ შესრულდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ისტორიული გარდატეხაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ რეკომენდაციით შეიქმნა მყარი საფუძველი იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველო ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია. ამ გეოპოლიტიკურმა, დამსახურებაზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი ანგარიში ეყრდნობა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას.
„ევროკომისიამ სათანადოდ შეაფასა საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით გაწეული სამუშაო და ის მაქსიმალური ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ამ პროგრესის მისაღწევად. მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი. საქართველო თანმიმდევრული ნაბიჯებით ბოლომდე მიიყვანს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიღწევამდე. ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა; ევროპულ არჩევანზე, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი მიზანია. ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებაზე, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, როგორც ეს ქვეყნის უზენაეს კანონში – კონსტიტუციაშია გაწერილი. დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნა. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ რუკაზე. ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიით, ღირებულებებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად იმსახურებს ყოფნას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.