ილია დარჩიაშვილი - დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება ყველას მხრიდან ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული
ილია დარჩიაშვილი - დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება ყველას მხრიდან ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული

საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა უზარმაზარი შრომა გასწია 12 პუნქტის შესასრულებლად. საქართველოს ხელისუფლება ბორელს საკმაოდ მყარად ხვდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბერში, როცა კონკრეტული ანგარიში გამოქვეყნდება, საზოგადოება იხილავს, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა საქართველოს მიერ.

„საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა სამართლებრივი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება. ეს არ არის რაღაც განყენებული, სტატიკური პროცესი. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი, რეფორმები გვაქვს არა მარტო 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. 12 პუნქტის მიმართულებით ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, დღევანდელი გადასახედიდან შევასრულეთ ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანას მიეცა და საქართველოს ხელისუფლება ბორელს საკმაოდ მყარად ხვდება. დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება კონკრეტული ანგარიში, სადაც წაიკითხავთ, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა. ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას. შევასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც შესაბამისი გავლენა იქონია რეფორმების პროცესზე. ყოველთვის ძალიან ახლო და მჭიდრო კოორდინაცია, კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირთან. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა 12 რეკომენდაცია მოგვეცა, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ევროკავშირთან, რასაც დღესაც ვაგრძელებთ. ბორელის ჩამობრძანება ძალიან ძლიერი პოზიტიური სიგნალია ევროკავშირიდან. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის პერსპექტიული, ბორელის ვიზიტიც ამას მოწმობს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, რეკომენდაციებზე საუბრისას დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა დეპოლარიზაციაზე და აღნიშნა, რომ ამ პუნქტის შესრულება ყველას ჩართულობას საჭიროებს.

„რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე როცა ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია. ძალიან რთულია ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან. იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. შესრულდა თუ არ შესრულდა – ასეთი ფორმულირება რთულია. მოგიწოდებთ, როცა საზოგადოებასთან საუბრობთ, როგორც ჟურნალისტები, არ შეხვიდეთ რეკომენდაციების რაოდენობრივ შეფასებაში, შეაფასეთ კონტენტურად, თუ რა გაკეთდა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.