ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა იქნება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარების ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მეგობრებთან გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივ ფორმატში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დარწმუნებული ვარ, საბჭოს დღევანდელი სხდომა იქნება მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარების ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც შეხვედრის, ისე საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას ყველა პარტიის ჩართულობით.
„დღეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა. განსხვავება საბჭოს წინა სხდომისგან არის ის, რომ საქართველო წარმოდგენილი იყო ახალ რეალობაში. საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი იმპულსია ჩვენი მომავალი ინტეგრაციის პროცესში. შესაბამისად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მეგობრებთან გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გავცვალეთ მოსაზრებები, მოლოდინები, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც არსებობს ჩვენს ორმხრივ ფორმატში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარების. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, რომელსაც შეეხო როგორც ქართული მხარე, ისე ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის მხრიდან. როგორც შეხვედრის დროს, ისე პრესკონფერენციის დროსაც ძალიან ნათლად და გასაგებად, ბატონი ბორელის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ ინკლუზიურობა ამ პროცესში, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველას ჩართულობით. ეს უნდა იყოს ერთიანი, ეროვნული პროცესი და მოწოდება ძალიან გასაგებად და მკვეთრად იყო გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის მხრიდან გაკეთებული მოწოდება სწორად და დროულად იქნება აღქმული ყველა იმ მონაწილის მხრიდან, ვინც ჩართული უნდა იყოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთდა ძალიან გასაგები გზავნილი, გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოწოდებების გარდა, ბრიუსელიდან გაკეთებული მოწოდებაც იქნება სწორად აღქმული, შეფასებული და ეს პროცესი გახდება ინკლუზიური, რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენ შევძლოთ ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში კონკრეტული ხელშესახები შედეგები დავდოთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბრიუსელიდან გაკეთებული მოწოდებები სწორად და დროულად იქნება აღქმული ყველა იმ მონაწილის მხრიდან, ვინც უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. ჩვენი დიდი იმედია, რომ ეს ინკლუზიურობა იქნება ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ პროცესის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.