ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, სამი ქვეყანა, რომელიც იღვწის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, აუცილებლად დადებს კონკრეტულ შედეგებს, ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს
ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, სამი ქვეყანა, რომელიც იღვწის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, აუცილებლად დადებს კონკრეტულ შედეგებს, ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს

დარწმუნებული ვარ, სამი ქვეყანა, რომელიც იღვწის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, აუცილებლად დადებს კონკრეტულ შედეგებს, ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ გატარდეს ის რეფორმები, რომელიც საქართველოს გააძლიერებს ამ გზაზე.

„დღეს განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უკვე ახალი რეალობით იყვნენ წარმოდგენილი. სამივე ქვეყანას გვქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვები, მოლოდინები, ის პერსპექტივები, რომლებიც გვესახება ევროინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, მათთვის ამომწურავად იქნა გაცემული პასუხი ყველა იმ კითხვაზე და აქტივობებზე, რომელსაც თითოეული ქვეყანა დგამს შემდგომი ვალდებულებების შესრულების კუთხით.

თავად მინისტრების პოზიციები იყო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან მათაც ისეთი აღქმა ჰქონდათ, რომ ეს სამი ქვეყანა სწორედ ახალ ამპლუაში იყო მათ კამპანიაში წარმოდგენილი. მათი შეფასებები იყო ძალიან ღირებული და მხარდამჭერი განცხადებები, რომელიც თითოეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა სამი ქვეყნის მისამართით, გვაძლევს ჩვენ ახალ იმპულსს, რათა აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ძალიან მალე, პირველ რიგში, მოიპოვოს სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან მომავალ ინტეგრაციაზე, სრულფასოვან ინტეგრაციაზე“, – განაცხადა განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო. აღინიშნა ჩვენი პარტნიორი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან საქართველოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა გავატაროთ ყველა საჭირო მიმართულებით ის რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს ამ გზაზე. ვფიქრობ, დღეს განწყობაც სწორედ ასეთი იყო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ იმის აღქმა, რომ ეს სამი ქვეყანა მათ გარემოცვაში ახალ ამპლუაში იყო წარმოდგენილი და ჩემთვისაც განსაკუთრებულად ემოციური იყო, რადგან მსგავს გარემოში მომიწია ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ გვექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ შეხვედრაზე არავინ არ საუბრობდა იმაზე, იმ კითხვის ნიშნებზე, ეს სამი ქვეყანა გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმ დიდ ოპტიმიზმს, რომელიც წამოვიღეთ ამ შეხვედრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაძლიერდება, გაგრძელდება და სამი ქვეყანა, რომელიც იღვწის სრულფასოვანი წევრობისთვის ევროკავშირში, აუცილებლად დადებს კონკრეტულ შედეგებს. საქართველოს ჭრილში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.