ილია დარჩიაშვილი - დამატებით რეკომენდაციებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ, ცალსახაა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით, რისთვისაც ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა
ჩვენი ხელისუფლების მიზანია, თითოეული არჩევნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში, იყოს იმაზე უკეთ შეფასებული, ვიდრე წინა და ამისთვის გავაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ევროკომისიის დამატებით რეკომენდაციებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. მინისტრის განმარტებით, ცალსახაა, რომ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ტრასპარენტულად, საერთაშორისო სტანდარტებით.
„ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გაკეთა. ერთი მხრივ, ამაზე საუბრობს უკვე ჩატარებული არჩევნები და, მეორე მხრივ, სიღრმისეული რეფორმები. თუნდაც გავიხსენოთ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, ჩვენი ძალიან ძლიერი და ახლო კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან, ეუთო/ოდირთან, რომელიც არის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აფასებს. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ გამოწვევას არ ველოდებით, პირიქით, ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ თითოეული არჩევნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში, იყოს იმაზე უკეთ შეფასებული, ვიდრე წინა და ამისთვის გავაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის საკითხზე საუბრისას განმარტავს, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ეროვნული ინტერესებიდან. გარდა ამისა, დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს სწორება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იქნება დინამიკური და მეტად შეეცდებიან, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
„რაც შეეხება პოლიტიკის თანხვედრას, ეს ლოგიკურია. საქართველო რაც უფრო უახლოვდება ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს, უფრო ახლოვდება ჩვენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე, უსაფრთხოების ძალიან რთულ პერიოდში, ჩვენც გვაქვს ძალიან რთული, სენსიტიური რეგიონი, ბევრი საკითხისადმი გვიწევს ძალიან ფრთხილი მიდგომა, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. შესაბამისად, ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელთან მიერთებაც არ მოხდა, გამომდინარეობდა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან – ხალხს მივეცით ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება. თუმცა მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ გაცხადებულად ვსაუბრობთ, რომ საქართველოს სწორება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იქნება დინამიკური. ჩვენ მეტად შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების ფონზე არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.