ილია დარჩიაშვილი - დადგენილი წესებია, რომლითაც ხელმძღვანელობს საგარეო უწყება, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური, ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის დამოკიდებულება
ილია დარჩიაშვილი - დადგენილი წესებია, რომლითაც ხელმძღვანელობს საგარეო უწყება, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური, ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის დამოკიდებულება

დადგენილი წესებია, რომლითაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური, ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის სრულიად გაუგებარია პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დარბაზში პროტოკოლის მიერ მისი ადგილი არასწორად იყო შერჩეული.

„არ ვიცი, ჩემგან რა პასუხი გინდათ, რა უნდა გიპასუხოთ. დადგენილი წესებია, რომლითაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური. ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, საქართველოს პრეზიდენტს მიეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. შესაბამისად, მოწვეულ იქნა, მობრძანდა, თქვა სიტყვა და დაგვემშვიდობა. პროტოკოლის შესაბამისი სამსახურები ასრულებენ თავიანთ ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი პროტოკოლის სამსახურში არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები. მინდა, ყველას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან მათი შრომა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ სამსახურების თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს.

ვინ თქვა, რომ არ არის დაცული რიგითობა? ჩემ მიერ ღონისძიების გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, მიმართა აუდიტორიას და საზოგადოებას. შესაბამისად, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა იყო დარღვეული. ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია ამ საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. მახსოვს ძველი შემთხვევაც ელჩების კონფერენციის დროს. ჩვენ იმავე სტანდატრებით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით მანამდე და არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, როგორი პრინციპით ხდება ამ ადგილების განაწილება. რაც შეეხება რიგითობას, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა მიმართა აუდიტორიას და, შესაბამისად, ჩვენ გამოვხატეთ ეს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.