ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიისა და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება
მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიულ შეთანხმებას. აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში გამორჩეული ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად ხდება მწვანე, განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ასევე, გადაცემის ნაწილში, საქართველოს მომავალშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანაა ამ შეთანხმების მონაწილე, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს პოლიტიკური ჟესტი, მისი აქ ჩამობრძნება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს, ერთი მხრივ, მხარდაჭერა ექნება, მეორე მხრივ, საქართველოს ენიჭება კიდევ მორიგი ბერკეტი, შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.