ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალი მედიაა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ქვეყანაში
საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანალენა ბერბოკსა და ილია დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ქვეყაში მედიათავისუფლებაზე.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ყველაზე თავისუფალი მედიაა დღეს.
„საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და, ვფიქრობ, სწორედ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ეს არის ერთ-ერთი მედიათავისუფლება. თქვენს სიმრავლეზეც და, ზოგადად, საინფორმაციო ბადესაც ეს ეტყობა, რომ კრიტიკული მედია არსებობს, ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების.
რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევებს, სასამართლოში წარმოებულ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საკითხებს, ვფიქრობ, არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან. მედიათავისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი 12 პუნქტის, რომელსაც ძალიან მყარად ვასრულებთ. ვფიქრობ, ეს ქვეყანა აუცილებლად შეასრულებს 12 პუნქტს და საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელზეც ქალბატონი მინისტრი საუბრობდა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სტატუსს და საქართველო მალე გახდება ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.