ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საქართველოს შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეკონომიკური დიპლომატიის გზით ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურებულია და ქვეყნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, მათ შორის საქართველოს დიპლომატიური მისიების ინტენსიური საქმიანობის შედეგია.
ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით სამინისტროს და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“, საქართველოს ბანკისა და მედია პლატფორმა კომერსანტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიების ციკლის პირველი სესიის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეკონომიკური დიპლომატია ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა, მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაცია, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების მხარდაჭერა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის და განსაკუთრებული ტურისტული მიმართულების ქვეყნის პოპულარიზაცია და პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა.
„მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებში, ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობა, სადაც ინვესტიციებთან და ვაჭრობის ხელშეწყობასთან ერთად, წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. დასავლურ ბაზრებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აზიისა და ყურის ქვეყნების ბაზრებთან რადგან ვთლით, რომ ამ კუთხით, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობას.
დისკუსიის მონაწილეებს მინისტრმა ასევე გააცნო ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტები, რაც უკავშირდება ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების და საინვესტიციო გარემოს მაქსიმალურ პოზიციონირებას. ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზეც.
„ჩვენ გავაგრძელებთ კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირების შემდგომ ხელშეწყობას და რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობას და ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ვიმუშავებთ საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოებისათვის დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად; ხელს შევუწყობთ საექსპორტო ბაზრების მოძიებას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის და მედია პლატფორმა კომერსანტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, „ეკონომიკური ფორუმის“ პირველი დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა იყო „ეკონომიკური დიპლომატია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა და „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა. დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, კომერსანტის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.