ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგები მივიღოთ, გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო უწყების ამოცანაა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან ხელშესახები შედეგები მიიღოს.
როგორც დარჩიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, პროგრესის მიღწევის მიზნით, მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებენ.
„ჩვენი ამოცანაა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგები მივიღოთ – 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება. გავაგრძელებთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-თან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციას მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით, გზების გამოძებნის და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში 51 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია – თანამშრომლობა საქართველოსთან, ასევე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასულ წელს 61 ქვეყნის მიერ ინიციირებული და 100 სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ეხება ჩვენს დევნილებს. აქტიურად გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის შემდგომ კონსოლიდაციას საერთაშორისო არენაზე, რათა დროულად მოვახდინოთ რისკების პრევენცია და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.