ილია დარჩიაშვილი - ჩვენ კვლავაც უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, ვადასტურებ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისადმი
კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაიმსხვრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით.
„ცხრა თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაიმსხვრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით. ჰუმანიტარული შედეგები საშინელია, ათასობით ადამიანის სიცოცხლე დაკარგულია და მილიონობით მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ჩვენ კვლავაც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.