ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ძალიან ვაფასებთ არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთო-ს დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა იმ ძირითადი პრიორიტეტების მიმართ, რომლებიც განსაზღვრულია ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან. ეს პრიორიტეტები ეხება ხალხს, ხალხის საჭიროებებს და მორგებულია მათ ინტერესებზე. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალებული არიან წლების განმავლობაში კონფლიქტების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს იმ პრიორიტეტების მხარდაჭერას, რომლებიც თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთო-ს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა, ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები.
ასევე, გვქონდა საუბარი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. ახლახან ჩატარდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეუთო-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მხარდაჭერისთვის. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, რაც ჩვენი განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ჩვენს შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა, მოინახულებს ლტოლვილთა დასახლებას და ამისთვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.