ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა
ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა

ჩვენ თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეს, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„გუშინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კოორდინირებს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროკავშირიდან. მასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ მაღალი რანგის დიპლომატი ჯიმ ო’ბრაიანი აშშ-დან, რომელიც ასევე ამ თემატიკაზე მუშაობს და კუმარ აიერი დიდი ბრიტანეთიდან. ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში ენახათ გადადგმული ნაბიჯები, უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში.

„ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა. თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეთ ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან“, – განმარტა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი ჩვენი ოპონენტები, რადგანაც ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები. ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს. ჩვენ ასევე გვესმოდა მათგან ინსპირირებული არაერთი ევროპელი ჟურნალისტისა თუ პოლიტიკოსის საფუძველს მოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგების გაუმჯობესება, რომლებიც გვაქვს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ძალა სიმართლეშია და საომარი მოქმედებების დაწყებიდან საქართველოს მხრიდან ფინანსური სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.