ილია დარჩიაშვილი - აზერბაიჯანში თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით, მივესალმებით, უფრო გაუადვილდებათ მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩამობრძანება
მივესალმებით, რომ აზერბაიჯანიდან სრულად იყოს საზღვრები გახსნილი, რათა ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს, ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ჩვენ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანს საზღვრებთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტები აქვს.
„საზღვართან დაკავშირებით მათ აქვთ კონკრეტული არგუმენტები, ამიტომ აქ ძალიან რთულია, რამე გითხრათ. მივესალმებით, თუ აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნიან საზღვარს. არ მინდა, აზერბაიჯანული მხარის პოზიციებზე გესაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მიზეზი იყო „კოვიდი“, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო საზღვრები ჩაკეტილი. შემდგომ განვითარდა მოვლენები ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ ვერ გეტყვით აზერბაიჯანის პოზიციას, რატომ აქვთ მათ ეს გადაწყვეტილება. მივესალმებით, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩამობრძანება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.