ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ სკოპიეში მინდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში არსებული წარმატებული ურთიერთობები, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ამ მხრივ, მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნეს ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველომ აჩვენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გააგრძელებს ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების ისტორიულ პროცესს. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. მან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს აქტიურ  მუშაობას ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ საკითხზე ავსტრიის მხრიდან გამოხატული მტკიცე პოზიცია როგორც ეუთო-ს, ისე ყველა საერთაშორისო ფორმატში.

შეხვედრის დასასრულს მინისტრება გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად, რაც, მათ შორის, ბოლო წლებში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლით დაგვირგვინდა.