საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს ავსტრიისა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. აღინიშნა ავსტრიის დახმარება და მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გზაზე, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, ასევე პოლიტიკური კუთხით. ამ მხრივ, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ, ორგანიზაციის და წვერი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც სერიოზული გზავნილი იქნება სამივე ქვეყნისთვის არსებული ურთულესი გამოწვევების ფონზე. მინისტრებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.
ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის.
მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა ძირითად სფეროში მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობები.