ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ერინ ბარკლის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ერინ ბარკლის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში.
დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით.
ასევე, აშშ-ს მხარე მიესალმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი განხორციელების გზაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.