ილია დარჩიაშვილი - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ხშირად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ამ პროცესის ნაწილი ხდებოდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ხშირად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ამ პროცესის ნაწილი ხდებოდა. ვწუხვართ, რომ მათ ამ პროცესში წვლილი შეიტანეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტია ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, კეთილდღეობა.
„გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელიც ევროინტეგრაციის საკმაოდ წარმატებულ გზას ადგას. ამ საკითხზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ვაკეთებდით აქცენტს. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ესაა ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რეპუტაციაზე. სამწუხაროა, რომ ამ ხელოვნურად შექმნილ პროცესში, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ პროცესის ნაწილი ხდებოდა. ვწუხვართ, რომ მათ ამ პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული მიმართულება – გზა ჩვენი ევროპული მომავლის. ჩვენი გზა არის მართალი, სწორი და გავაგრძელებთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.