ილია დარჩიაშვილი - აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ადასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს და განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ისევე, როგორც ხელს უწყობს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.
როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელშიც ასახულია არაერთი კონკრეტული მიმართულება, სადაც კანონმდებლები საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებას უჭერენ მხარს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ქმედით დახმარებას, რასაც აშშ მიმართავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.