ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვიყავით ჩართული შავი ზღვის კაბელის მიმართულებით, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო, ამ პროექტმა ახალი როლი და ფუნქცია უნდა შესძინოს ჩვენს ქვეყანას
აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ როლს იძენს ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის ინტერესების შესაბამისად. აქტიურად ვიყავით ჩართული შავი ზღვის კაბელის მიმართულებით, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო და აზერბაიჯანი ჩვენთან ერთად არის საერთო შეთანხმების ნაწილი, რომელიც გავაფორმეთ ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტმა ახალი როლი და ფუნქცია უნდა შესძინოს საქართველოს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ, რომელმაც ახალი როლი და ფუნქცია უნდა შესძინოს ჩვენს ქვეყანას, როდესაც საკითხი ეხება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის და, ზოგადად, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.