საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ოლგა ჯაჩკას შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა და ოლგა ჯაჩკამ ისაუბრეს საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობისა და მაღალი დონის კავშირების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და კომისიის პრიორიტეტების შესრულების მიმდინარეობის პროცესი. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ალბანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ალბანეთის პოლიტიკური და პრაქტიკული ჩართულობა. ორმხრივი ურთიერთობის მიმართულებით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე. ილია დარჩიაშვილმა ალბანელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.