ილია დარჩიაშვილი - 3 ნოემბერს, დიპლომატის დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატოთ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს რეპუტაციას განამტკიცებენ
ილია დარჩიაშვილი - 3 ნოემბერს, დიპლომატის დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატოთ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს რეპუტაციას განამტკიცებენ

3 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს, დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში და განამტკიცებენ საქართველოს რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ.

„საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული ისეთი მიზნების მიღწევა, როგორებიცაა ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, სუვერენიტეტის აღდგენა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიმართულებებით სათანადო დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელების გარეშე.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებულ მოქმედებასთან ერთად, ამ პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ჩვენი უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობა.

დღეს ჩვენ გვაქვს საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ქართული დიპლომატიის როლი დიდია იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ერთად, მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაში.

თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი თავდადება და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, წარმოჩენისა და გაძლიერების საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.