ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში შეხვედრას დაესწრება
2023 წლის 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება; ამასთან, განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.