ილია დარჩიაშვილი - 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს პარტნიორების ხმა
ილია დარჩიაშვილი - 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს პარტნიორების ხმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

როგორც დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა 15 დეკემბრისთვის, როცა კანდიდატის სტატუსზე ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გარანტირებული იყოს პარტნიორების ხმები.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც 8 ნოემბერს მიიღო ევროკომისიამ, რომელმაც ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წინ, რათა საქართველომ შეუქცევადად გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია. შესაბამისად, ეს არის დიდი მოვლენა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ისტორიული გადაწყვეტილება.

ეს არის დიდი ნაბიჯი წინ, თუმცა პროცესი არ არის დასრულებული. რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს. მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ევროპული საბჭო შედგება თითოეული წევრი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც თავისი ქვეყნის სახელით საუბრობს ამ ფორმატში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ქვეყნის ხმა. თითოეული ქვეყნიდან არის ერთი კონკრეტული ხმა, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა, მოსახლეობის რაოდენობისა. შესაბამისად, ჩვენ მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ, ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში – საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა.

დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს მწვანე შუქს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის ფორმატში, რომლითაც გადავალთ ევროინტეგრაციის საბოლოო ფაზაში, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსური, რთულია, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა, გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანა ვაქციოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკური ურთიერთობები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესზე, ჩვენ დინამიკური ურთიერთობები გვაქვს წევრ ქვეყნებთან, წინა წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. და მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წინ, რომლის დევალვირებასაც შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები. მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა ევროპული პერსპექტივა, ახალი ძალით, ახალი ძალისხმევით დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უკიდურესად წარმატებული საგარეო ვიზიტები, როგორც ჩვენ გვყავდა უმნიშვნელოვანესი სტუმრები საქართველოში, ჩვენი პარტნიორები, ასევე, სამინისტროს ფორმატში ჩვენი ვიზიტები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პროცესი ძალიან დინამიკურად ვითარდებოდა, ყველა ფორმატში, ყველას ჩართულობით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც საზღვარგარეთ აქტიურად არიან ჩართული საქართველოს საგარეო პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც თავისი ღირსეული და ღირებული წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ, საერთო ჯამში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნება იმ ქვეყნების კონსენსუსი, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე.

„ჩვენ ძალიან კარგი და დინამიკური ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, რადგან, როგორც აღვნიშნე, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ფაზაში, დამოკიდებულია თითოეული წევრის თანხმობაზე, მზაობაზე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, თითოეულ წევრ ქვეყანასთან გვქონდეს ძალიან აქტიური, დინამიკური, ორმხრივი და, რაც მთავარია, მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის უნგრეთთანაც. უნგრეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობა. გვახსოვს ახლახან სამთავრობო, მთავრობათაშორისი ვიზიტი, შეხვედრა, რომელიც გაიმართა საქართველოში. მე არ შევიდოდი ევროკავშირი-უნგრეთის ურთიერთობების შეფასებაში. დარწმუნებული ვარ, საერთო ჯამში, იქნება იმ ქვეყნების კონსენსუსი, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი გამართლებული, სტრატეგიულად გამართლებული და, ასევე, ჩვენ შემთხვევაში, მინდა, დამატებით ვთქვა, დამსახურებაზე დაფუძნებული, სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ყველა ვიხილავთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ მიიღო რეკომენდაციებთან მიმართებით, ემსახურება ევროკავშირის გაძლიერებას, გაფართოებას, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია, ხოლო რაც შეეხება გეოგრაფიას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ძალიან ძლიერი ხმა გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. გაფართოების პაკეტში ჩვენთან ერთად არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ მიიღო რეკომენდაციებთან მიმართებით, ემსახურება ევროკავშირის გაძლიერებას, გაფართოებას, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია. რაც შეეხება გეოგრაფიას, ვფიქრობ, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები. ჩვენმა ხელისუფლებამ გაწეული უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოახერხა და საქართველო შეუქცევადად შეაყენა ევროინტეგრაციის გაზე, ეს დაიწყო 2014 წელს, როცა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ხელშესახები შედეგების მიღება და ეს იგრძნო თითოეულმა მოქალაქემ. შესაბამისად, გეოგრაფიის კომპონენტი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და ამას საბოლოო წერტილი დაუსვა ევროკომისიის რეკომენდაციამ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უკვე რეალობაა, მომხდარი ფაქტია. ჩვენ მთავარი აქცენტი, ფოკუსი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ საბოლოო ფაზაში, რომელშიც გადავალთ, დავიწყებთ მუშაობას შემდგომ ეტაპზე, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. გამიჭირდება, დაგეთანხმოთ, რომ გეოპოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდა შარშანდელ გადაწყვეტილებას. მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სრულიად თანაბრად ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ერთიანად და ერთნაირად მიენიჭათ ევროპული პერსპექტივა. ეს ერთი კომპონენტი, რაც ნიშნავს, რომ ამან ძლიერი შუქი აუნთო ჩვენს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შემდგომ ამას დაემატა მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში იყო კანდიდატის სტატუსი დათქმებით და საქართველოსთვის დათქმები შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, ნამდვილად არ არის ისე, რომ ეს კომპონენტი, ეს მდგენელი არ ჰქონდა შარშანდელ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც მუშაობდა წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ამან შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს მდგენელი ჰქონდა ევროპული საბჭოს წინა წლის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.