ილია დარჩიაშვილი - 12 პრიორიტეტს შორის არის რამდენიმე, სადაც ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა შეიტანს წვლილს ამ ისტორიულ საქმეში
იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციას შორის არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია.
იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგებს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.