ილჰან კიუჩუკი - საქართველო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და ევროპის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტი იზრდება
საქართველო უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანა რეგიონში, – ეს განცხადება საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელმა ბულგარელმა ილჰან კიუჩუკმა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში გამართული სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
სხდომაზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელეს.
„საქართველო ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანა რეგიონში. როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, რომ საქართველომ ზოგიერთი რეგულაციის იმპელმენტაცია წინმსწრებით, დაგეგმილზე ადრე დაიწყო. ევროკავშირს აქვს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთან. ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ამ კუთხით მაჩვენებლები იზრდება“, – განაცხადა კიუჩუკმა.
მისივე შეფასებით, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და ევროპის ბაზარზე საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი იზრდება.
„ჩვენ უკვე ვხედავთ პოზიტიურ მაჩვენებლებს და ნათელია, რომ 2014 წლის შემდეგ საქართველოდან ევროპაში პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა. ევროკავშირი საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს და თანამშრომლობა ამ კუთხით უფრო მჭიდრო ხდება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის ბევრი საქმე გასაკეთებელი, ვიდრე შეთანხმება სრულად ამოქმედდება. თუმცა, უკვე დღეს მოხარული ვართ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებებისა და რეფორმების კუთხით თვალსაჩინო წინსვლით“, – ამბობს ილჰან კიუჩუკი.